18.05.2026 17:06
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო სააგენტო „Fitch"-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დასკვნაში საქართველო საინვესტიციოდ უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა. ამას გარდა, საკრებულოს დეპუტატის თქმით, დასკვნაში საუბარია ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოს ხელისუფლების და ეროვნული ბანკის სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე.
„„Fitch"-მა ეკონომიკური კონდიციის გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ლოგიკურად ვითარდება. საერთაშორისო საფინანსო სააგენტომ საქართველოს მიმართ ეკონომიკური პროგნოზი 5.3 პროცენტიდან 6.4 პროცენტამდე გაზარდა. "Fitch"-ის რეიტინგში საქართველო საინვესტიციოდ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად შეფასდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ რომელიმე ინვესტორს ინვესტიციის განხორციელება სხვა ქვეყანაში მოუნდება, ის აუცილებლად ჩახედავს „Fitch"-ის რეიტინგს. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციები, შესაბამისად, „Fitch"-ის დასკვნაც ჩვენი ქვეყნისთვის ანგარიშგასაწევი ხდება"- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, საქართველომ ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არაერთხელ მიიღო, რაც ნოდარ ბოკერიას თქმით, ქვეყნის ხელისუფლების სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. მისივე განცხადებით, „Fitch"-ი მხოლოდ ეკონომიკას არ უყურებს და იგი პოლიტიკურ სიტუაციასაც აფასებს.
„Fitch"-ის დასკვნაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ საქართველოში ინსტიტუტები არის დამოუკიდებელი და დემოკრატიული. დასკვნაში ხაზგასმულია ქვეყნის საბანკო სექტორის სტაბილურობაც. ამას გარდა, „Fitch"-მა დადებითად შეაფასა ჩვენი მთავრობის სწორი მუშაობა, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს და განვითარდეს, როგორც ძალიან ძლიერი ლოჯისტიკური და ტრანზიტული ქვეყანა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ნაბიჯებით კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ"- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
ავტორ(ებ)ი :