19.06.2026 15:21
„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ქვეყნის 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა იმას, რომ იყოს ინკლუზიური მიდგომა და ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.
„სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საბოლოო ჯამში ეროვნული სტრატეგია იქნება პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი. სწორედ აღნიშნული ეროვნული სტრატეგიის დანერგვა და აღსრულება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შევქმნათ უსაფრთხო საგზაო გარემო, მნიშვნელოვნად შევამციროთ საგზაო შემთხვევები და მათგან გამომდინარე მძიმე შედეგები", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები განიხილეს.
ავტორ(ებ)ი :