01.07.2026 12:56
თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან" თანამშრომლობით დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა.
მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვის ვადა 13 ივლისამდეა განსაზღვრული.
„საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით არის გამოცხადებული და ინტერესთა გამოხატვისთვის განსაზღვრული ვადა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის კონცეფცია თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება, რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან. ეს ძირითადად გულისხმობს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობის განხილვაც", - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს როგორც დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას, ისე გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარეების შეფასებას.
„პროექტის მიზანია, კვალიფიციურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც თბილისის აგლომერაციაში საქალაქო რკინიგზის დერეფნის განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივებს განსაზღვრავს. ასევე, შეფასდება გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარე. კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან საუკეთესო პრეტენდენტი შეირჩევა, გარკვეული სატენდერო პროცედურების შემდეგ კი კვლევითი სამუშაოები დაიწყება. ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული მიმართულებით. პროექტი დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმის ნაწილს წარმოადგენს და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება", - აღნიშმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კვლევის პროცესს ტექნიკურ ზედამხედველობას და კოორდინაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გაუწევს.
ავტორ(ებ)ი :