"მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ სამკერვალო ინდუსტრიას, სწრაფად გადაერთოს პირბადეების ადგილობრივ წარმოებაზე" 16.03.2020 17:31

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. შეხვედრას 20-მდე სამკერვალო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

 

შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები, რაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე სხვადასხვა სექტორს შეეხო, მათ შორის პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა პირბადეების ადგილობრივი წარმოების საკითხი.  

 

ნათია თურნავას განცხადებით, პირბადეებსა და ზოგადად, ვირუსისგან დამცავ სხვა საშუალებებზე მსოფლიოში მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რის გამოც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მაქსიმალურად ხელი შეუწყობს მსგავსი საშუალებების ადგილობრივ წარმოებას.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამკერვალო საწარმოებთან ერთად მიდის სხვადასხვა ნიმუშებისა და იმ მასალის დატესტვა, რომელიც პირბადეების წარმოებისთვის არის საჭირო. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პროცესში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია.

 

„გამოიკვეთა რამდენიმე სახის ალტერნატიული მასალა, რომელთაგან შეიძლება ადგილზე, საქართველოში, ჩვენს ფაბრიკებში დამზადდეს კარგი სტანდარტის პირბადეები და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ადგილობრივ მეწარმეებს, სამკერვალო კომპანიებს, განახორციელონ ეს პროექტი, რათა ჩვენს ბაზარზე შემცირდეს დეფიციტი და მოსახლეობას საქართველოში დამზადებული პირბადეები და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებები, მათ შორის სადეზინფეცქიო ხსნარები შევთავაზოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამკერვალო კომპანიები, მათი მენეჯმენტი, თანამშრომლები დიდი გულისხმიერებით მოეკიდნენ ამ მოწოდებას.

 

 

„ზოგიერთმა მათგანმა იმის მზადყოფნა და სურვილი გამოთქვა, რომ უსასყიდლოდაც  დაამზადებენ პირბადეებს. ეს არის თანადგომის კარგი მაგალითი, რაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს და მინდა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ