„მიღებული გვაქვს დავალება, განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება" 18.03.2020 16:56

„იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგების განვითარებასა და აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ დღესდღეობით ყველაზე მეტი მოთხოვნაა", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 

 

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ დარგების და ამ პროექტების ჩამონათვალს უწყება პრემიერ-მინისტრს და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის  საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

 

„მიღებული გვაქვს დავალება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას.  მე და ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება - ჩვენი პროგრამები „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ისე გადავაწყოთ, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი - იქნება ეს კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება თუ რაიმე სხვა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ამასთან, ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეს საუბარია პროდუქციაზე აჟიოტაჟურ მოთხოვნაზე, რასაც საფუძველი არ გააჩნია, რადგან ადგილზე მარაგები საკმარისია, გარკვეულ პროდუქტზე შესაძლო მოკლევადიანი შეფერხებები კი მხოლოდ კლიმატური პირობებით  იყოს განპირობებული.

 

„ჩვენ ვიცით, რომ  გარკვეული მოკლევადიანი შეფერხებები შეიძლება შეიქმნას ბურღულეულის რამდენიმე სახეობაზე, მაგრამ, მინდა დაგარწმუნოთ, ესეც ხდება არა იმიტომ, რომ რაიმე მარაგთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშ ვართ, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული, კლიმატური პირობების გაუარესების გამო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დროებით გადაკეტილია და შეფერხებულია სატვირთო მანქანების გადაადგილება. თუმცა მაგრამ პროდუქტის საკმარისი მარაგი გზაშია და ეს რამდენიმე დღის საკითხია", - აცხადებს ნათია თურნავა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ