"პრემიერის დავალებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონების შექმნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს" 19.03.2020 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენთვის საამაყოა, ჩვენი შესაძლებლობები მივმართოთ სავალდებულო საკარანტინო ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, მგზავრების აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტირების მიზნით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში მობილიზებული ჰყავს  კომფორტული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ მგზავრების გადაყვანას საკარანტინო ზონამდე. 

 

„ამ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვალდებულები ვართ მგზავრები ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით ე.წ. ჭადრაკული წყობით განვათავსოთ. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს სასტუმრომდე გარკვეული მანძილის გავლა უწევთ, ავტობუსებში ე.წ. „ლანჩბოქსებს" ვახვედრებთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

მისივე განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში განთავსება კომპლექსურია პროცესია - ადმინისტრაცია ქირაობს სასტუმროებს, უზრუნველყოფს სასტუმროში განთავსებული მოქალაქეების სამჯერად კვებას. 

 

„ყველაფრის  ანაზღაურება სახელმწიფო  ბიუჯეტიდან ხდება. საქართველოს მასშტაბით  დაახლოებით  22 სასტუმრო   ვიქირავეთ. ჯანდაცვის სამინისტროსა და  სახელმწიფო დაცვის პოლიციის  რეკომენდაციით, სასტუმროებში ინსპექტირებას ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მუშაობის რეჟიმში გადასვლა", -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და კარგად იგრძნონ, ვინაიდან მათ 14 დღის განმავლობაში უწევთ კარანტინში, ერთ ოთახში ყოფნა. 

 

„თუმცა, სიხარულით და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ყოველდღიურად გვაქვს ძალიან ბევრი და კარგი უკუკავშირი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აფასებენ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მომზადებულია დამატებითი საკარანტინო სივრცეები, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსახლეობის მხრიდან მოხდეს კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენცია. 

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივ კავშირზეა კერძო სექტორთან. 

 

„წლების განმავლობაში, კერძო სექტორთან ერთად, არაერთი  გამოწვევა ვნახეთ და გადავლახეთ. ახლაც, მთავრობის სწორი, სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებით, ჩვენ ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ