მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 8 პროცენტს შეადგენს 16.09.2020 12:26

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი - 8 პროცენტი დატოვა.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით,

ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება.

 

" როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან აგვისტოში 4.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის დარჩენილ პერიოდში წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, ის 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება. ინფლაციის მოსალოდნელ ცვლილებას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი - მეტწილად საგარეო - მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს. აღსანიშნავია მიწოდების მხარის პოტენციური რისკებიც. აღნიშნული ფაქტორებისა და ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა.

 

გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება, რასაც, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების მსგავსი ეფექტი აქვს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) მომავალში გაგრძელდება და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

 

წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ივლისში წლიურად 5.5 პროცენტით შემცირდა. თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება გრძელდება, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება. საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში წლიურად 96 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. ექსპორტზე მოთხოვნა აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტით შემცირდა, თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. საექსპორტო შემოსავლების კლების პარალელურად, იმპორტიც წლიურად 19 პროცენტით შემცირდა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ