თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან 22.11.2021 13:28

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირას გამოსული ეკონომიკური მაჩვენებლები ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლეოდა. ერთი მხრივ, ოქტომბრის სავალუტო შემოდინებები ძლიერი იყო, რაც მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, იმპორტი და დაკრედიტება უფრო ზომიერი აღმოჩნდა. მართალია, იმპორტის დინამიკაზე რე-ექსპორტისათვის განკუთვნილი მანქანების იმპორტმა მოახდინა ძირითადი ზეგავლენა, თუმცა როგორც ჩანს, მარაგების შევსების ტემპმაც შედარებით იკლო. დასაქმების მხრივ, მე-3 კვარტლის უმუშევრობის მაჩვენებელის მატება სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რადგანაც სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა. მთლიანობაში, განახლებული მაჩვენებლები 2021 წელს კვლავ 10%-ზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს.

 

ლარის მხრივ, დასკვნები ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. წმინდა შემოდინებების შეფასებული მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან, უცხოური ვალუტიდან ლარში კონვერტაციის ნიშნები ნოემბრის განახლებული დღიური მონაცემებიდან კვლავ შეიმჩნევა. ასევე, ოქტომბრის ექსპორტის, იმპორტისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსები საყურადღებოდ გაიზარდა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების უფრო მაღალ ზრდაზე შეიძლება მიუთითებდეს. ეს კი, მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურების აპეტიტს კიდევ უფრო ამცირებს. ამასთან, იმავე ლოგიკით, ამერიკაში მოსალოდნელზე უფრო მაღალმა ინფლაციამ დოლარის გამყარება გამოიწვია.

 

დამატებით, თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ლარი არ არის აუცილებელი გაყვეს ლირას, თუმცა ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან გაცვლითი კურსის მხრივ, წინა შეფასება იმდენად ძლიერი აღარ არის. შესაბამისად, მიუხედავად წინა კვირაში ლარის დოლართან გამყარებისა, თიბისი კაპიტალი არ გამორიცხავს საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა - არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა საერთაშორისო მასშტაბით და საქართველოში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებლები.

 

თიბისის  მთავარი ეკონომისტის 22 ნოემბრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე

 

R

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ