The Guardian-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ, ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან ურთიერთობასა და პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
მისი თქმით, 1998 წელს, ვაინშტაინმა სასტუმროს ნომერში "საქმიან შეხვედრაზე" დაიბარა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. ჯოლიმ მოძალადეს თავი დააღწია და მას შემდეგ ვაინშტაინის არცერთ ფილმში აღარ უთამაშია.
ანჯელინა იხსენებს, რომ ამ ფაქტის შესახებ იცოდა ბრედ პიტმაც, თუმცა 2009 წელს ფილმ "უსახელო ნაბიჭვრებში" თამაშს მაინც დათანხმდა, რომლის პროდიუსერი სწორედ ვაინშტაინი იყო.
"ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ამ ამბის გაგება. საშინლად ვიჩხუბეთ. რა თქმა უნდა, მტკივა... ვიგრძენი, რომ ბრედმა გააუფასურა ის ტკივილი და ტრავმა, რომელიც სექსუალური ძალადობის მცდელობამ მომაყენა. ის ბედნიერი იყო ვაინშტაინთან მუშაობით, მიუხედავად იმისა, რაც მე გადავიტანე. ეს მე გულს ძალიან მტკენდა“ - ამბობს ჯოლი.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რამაც #MeToo მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა. 90-ზე მეტმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
ამ მოვლენას მოჰყვა განხილვა ორმხრივი თანხმობის მნიშვნელობაზე. ტვიტერზე გამოჩნდა ჰეშთეგი #MeToo (Me Too = მეც) და ინტერნეტი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაუგეგმავმა კამპანიამ მოიცვა. ორი მარტივი სიტყვით ქალები საკუთარ უარყოფით გამოცდილებაზე საჯაროდ წერდნენ. #MeToo ძალადობის წინააღმდეგ ქალების ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge