დღეს, 30 ოქტომბრამდე სიტუაცია თვისობრივად განსხვავებულია, ვიდრე 2 ოქტომბერს იყო. აქ ორი წამყვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მიხეილ სააკაშვილის და ოცნების ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ფაქტორი, რაც ვფიქრობ ბევრ რამეს გადაწონის. - წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე
"სააკაშვილის ჩამოსვლამ, მიუხედავად მისი ციხის საკანში მოხვედრის, სხვადასხვა ვერსიებისა, უკვე შექმნა ე.წ დინამიტის ეფექტი, "საფანჩატურეთად" წოდებული ოპოზიცია ფაქტიურად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, და ისედაც მაღალი პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო პოლიტიკურ ველს, ერთადერთი გახარიას ინტრიგაღა თუ შემორჩა. 14 ოქტომბრის მიტინგიც ამის თავისებური ანარეკლი იყო, მთავარი არა მიტინგზე მყოფი თავების დათვლა, არამედ ბოლო წლებისთვის არადამახასიათებელი უჩვეულო ხალხმრავლობა იყო.
კალაძე მართალია, რომ გახარიას ელექტორატი ნაცებს ხმას არ მიცემს, მაგრამ აქვე დავამატებ, დიდად არც ოცნებას მისცემს ხმას, რადგან გახარიას ტვ პირველზე სტუდიიდანაც გამოჩნდა, მას ვადამდელი აწყობს ყველაზე მეტად, ფაქტიურად მისი გათვლით პოლიტიკური კრიზისისას, რასაც ოცნების შიდა რღვევა უნდა მოყვეს, ოცნების ამომრჩეველსაც მარტივად გადაიბირებს.
სიტუაცია კი არის რთულად პროგნოზირებადი, თუმცა სამი ძირითადი სცენარის განვითარებაა უფრო მოსალოდნელი:
პირველი, შედარებით რეალისტური და ოცნებისთვისაც ოპტიმისტური სცენარი იქნება თუ ის არა გახარიას ელექტორატს, არამედ შედარებით პასიურ ამომრჩეველზე გააკეთებს აქცენტებს. ამ შემთხვევაში, ოცნება იგებს, ყოველგვარი გაყალბების ვერ მტკიცებულების გარეშე, ამ ოცი ქალაქიდან ყველა დიდ ქალაქს, როგორც თვითმმართველ 5 ქალაქს, თბილისის ჩათვლით, ისე ზუგდიდს და სენაკსაც. ბუნებრივია, ოპოზიცია არ აღიარებს ამ შედეგს და დიდი ალბათობაც უკვე ნაცნობი ბოიკოტის, რეალურად საბოტაჟის რეჟიმში გადავა, ვადამდელის მოთხოვნით, რასაც სავარაუდოდ უკვე გახარიაც შეუერთდება.
დაიწყება საპროტესტო გამოსვლები, უკვე ნაცნობი სცენარით, ალბათ იქნება მკაცრი აღშფოთება-შეშფოთება ევროკავშირის მხრიდან, არც აშშ დაგვაკლებს, მაგრამ საბოლოოდ ეუთო/ოდირის შეფასება მაინც დადებითი იქნება, ტრადიციული დარღვევების შემთხვევებზე მითითებით და მოახლოებულ მკაცრ ზამთარს თუ გავითვალისწინებთ, ოპოზიციური პროტესტიც მინელდება მომავალ გაზაფხულამდე.
მეორე, ოცნებისთვის არასახარბიელო სცენარია, თუმცა ნაკლებ რეალისტური თუ ოპოზიცია მოიგებს, 5 ქალაქიდან ორს მაინც, სავარაუდოდ ბათუმს და ქუთაისს, ასევე, ზუგდიდს, სენაკს და თელავს, მაშინ დიდი ალბათობით არჩევნები დემოკრატიად კი შეფასდება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მაგრამ საქართველო თურქეთი არ არის, არც პოლიტიკური კლასით და არც საერთაშორისო წონით, სადაც ოპოზიცია ორივე მთავარ ქალაქს აკონტროლებს, ოცნებას ეს დაუჯდება მიშას გამოშვებით და ვადამდელი არჩევნებით სადაც ოცნება უკვე დიდი ალბათობით უფრო ოპოზიციაში აღმოჩნდება ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის შიდა რღვევის შედეგად.
მესამე, შუალედური სცენარია, როდესაც ოპოზიცია იგებს ერთ რომელიმე დიდ ქალაქს, პირობითად ბათუმს და რომელიმე პრობლემურს, ზუგდიდს ან სენაკს, ამ შემთხვევაში პროცესი შედარებით გაიწელება, და ოპოზიცია პერმანენტული აქციებით ეცდება პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რამაც ვადამდელი უნდა მოიტანოს.
თუმცა დროის ფაქტორიდან გამომდინარე, თუ რომელი სცენარი გათამაშდება, ბევრი რამ უკვე არა იმდენად ოპოზიციის, არამედ ოცნების მენეჯმენტზე, საგარეო ფაქტორებზე და ქართველი ხალხის არჩევანზე იქნება დამოკიდებული,"- წერს გიორგი ცუცქირიძე.
ავტორ(ებ)ი :