მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები, – ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი კვლავ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობების გზაზე შექმნილი დაბრკოლებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ დარღვევას.
საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. საფრანგეთი ასევე ადასტურებს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მხოლოდ დისკუსიის ეს ჩარჩო მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ ერთობლივი გადაწყვეტის მისაღწევად.
ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოში ევროპის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის მხარდაჭერას. ის ასევე გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :