ომში ყველაფერი გადაწყვეტილია და რუსეთმა მოიგო -ვიქტორ ორბანი 30.09.2025 18:10

დასავლეთის ქვეყნები უკრაინას მხარს მხოლოდ იმისთვის უჭერენ, რომ ქვეყნის გაყოფის მიღმა არ დარჩნენ, – ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Harcosok Órája-თან ინტერვიუში გააკეთა, რომლის ამონარიდიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ომში „რუსეთმა ფაქტობრივად უკვე გაიმარჯვა“.

 

როგორც უნგრეთის პრემიერი აცხადებს, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ბუდაპეშტი რჩება ერთ-ერთ ევროპულ ქვეყნად, რომელიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობს.

 

ორბანის თქმით, ტრამპთან საუბარი „სუვერენული ქვეყნების ლიდერების“ რანგში გაიმართა, რის შემდეგაც უკრაინის თემაზე გადავიდნენ.

 

„მესმის, რომ ევროპაში ძლიერდება კოლონიალური აღქმა, რადგან დიდი სახელმწიფოების პოლიტიკა ისევ დაიწყო. სწორედ ეს დგას უკრაინის ომის უკან. დასავლეთს უკრაინის გაყოფისგან განზე გადგომა არ სურს. არ შეცდეთ, ისინი არ ებრძვიან რუსეთს. რუსეთმა უკრაინას 20 პროცენტი წაართვა, დასავლეთში კი ფიქრობენ, რომ უფლება აქვთ დანარჩენი ნაწილი წაიღონ. ეს ტიპური იმპერიალისტური ომია“, – აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

 

ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ აშშ-ი „ყველაზე ჭკვიანია“, რადგან ქვეყანამ „წიაღისეულის შეთანხმების“ წყალობით საკუთარი თავისთვის ეკონომიკური საფუძველი შექმნა.

 

„მათ სურთ ტერიტორიები, უკრაინის სოფლის მეურნეობა, მისი მინერალური რესურსები. ამ ყველაფრის უკან დგას უბედური უკრაინელების ძარცვა და ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს უკრაინას იცავენ. ეს ასე არ არის“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

 

ამასთან, ორბანის განცხადებით, ტრამპმა როდესაც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აზრი ჰკითხა, უპასუხა, რომ „ომში ყველაფერი გადაწყვეტილია და რუსეთმა მოიგო“.

 

მისი თქმით, კითხვა მხოლოდ იმაშია, როდის იქნება შეთანხმება რუსეთთან და ვინ უზრუნველყოფს მას, ეს იქნება ტრამპის შეთანხმება რუსეთთან, ამერიკა-რუსეთის შეთანხმება, თუ ევროპა-რუსეთის მოლაპარაკებები შედგება.

 

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ეთანხმება იმ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა მხოლოდ დასავლელი მოკავშირეების ფართომასშტაბიანი სამხედრო დახმარების შედეგად გაიმარჯვებდა. თუმცა, მისივე თქმით, ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან ასოცირდება.

 

„ეს მსოფლიო ომს ნიშნავს და ეს არავის სურს. ამიტომ, ამ ომის მოგება შეუძლებელია ან შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა უკვე გაიმარჯვა“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ