,, ყველამ უნდა „შეისმინოს“ დონალდ ტრამპის მოწოდება და შეწყვიტონ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა''- კაია კალასი 20.10.2025 19:24

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ყველამ უნდა „შეისმინოს“ დონალდ ტრამპის მოწოდება და შეწყვიტონ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა.

„მიმდინარე კვირას ჩვენ ვგეგმავთ, მივიღოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი მსხვილი პაკეტი. თითოეული ევრო, რომელსაც ვართმევთ რუსეთს, არის ის ევრო, რომელსაც ის ვერ იყენებს ომისთვის. დღეს მინისტრებმა ასევე მკაფიოდ განაცხადეს, რომ მე-19 პაკეტის შემდეგ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო პაკეტზე. ის არ იქნება უკანასკნელი. ასევე ყველამ უნდა შევისმინოთ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება, შევწყვიტოთ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა“, – განაცხადა კაია კალასმა.

ამასთან, კალასმა ისაუბრა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის და ევროპის მონაწილეობის გარეშე ეს შეხვედრა უშედეგო იქნება.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი გულწრფელად ცდილობს ამ ომის დასრულებას. ეს ნათელია. ჩვენ ასევე გვინდა ომის დასრულება. ომის დასრულება ნადვილად სურთ უკრაინელებს. ის, ვისაც არ უნდა ომის დასრულება, არის რუსეთი. ჩვენ არ უნდა გავფანტოთ ყურადღება. ვფიქრობ, ჩვენი კურსი ძალიან მკაფიოა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთს მშვიდობა მოუნდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ასევე დავარწმუნოთ ჩვენი მოკავშირეები მთელ მსოფლიოში, რომ არაფერი გამოვა ამ შეხვედრებიდან, თუ უკრაინა ან ევროპა არ იქნება მათი ნაწილი“, – განაცხადა კაია კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, უკრაინაზე ზეწოლის განხორციელება არ არის სწორი მიდგომა.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინა – მსხვერპლი“, – აღნიშნა კალასმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ