კრემლის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-ში ჩავიდა - „სიენენი“ 24.10.2025 19:57

აშშ-თან მოლაპარაკების საკთხებში კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ში ჩავიდა. როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ში ვიზიტი ხორციელდება უკრაინაში ომის დასრულებაზე კრემლის უარის გამო მზარდი იმედგაცრუების ფონზე და მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი სამიტი „გააუქმა“.

„სიენენის“ ინფორმაციით, დმიტრიევი შეერთებულ შტატებში „ოფიციალური“ მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციები გამოაცხადა.

წყაროების ცნობით, რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის (RDIF) ხელმძღვანელი და კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება „აშშ-რუსეთის ურთიერთობების განხილვის გასაგრძელებლად“.

დმიტრიევი, რომელიც ერთ-ერთი თვალსაჩინო მომხრე იყო რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის, ცოტა ხნის წინ ალასკასა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს შორის „ტრამპ-პუტინის“ გვირაბის მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა.

საბჭოთა პერიოდის უკრაინაში დაბადებული და აშშ-ში, ჰარვარდსა და სტენფორდში განათლებამიღებული დმიტრიევი ამერიკულ საკონსულტაციო ფირმა McKinsey-ში კონსულტანტად და Goldman Sachs-ში საინვესტიციო ბანკირად მუშაობდა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში მასშტაბური შეჭრის შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დმიტრიევს სანქციები დაუწესა. აპრილში დმიტრიევი გახდა პირველი რუსი ჩინოსანი, რომელიც ვაშინგტონს ეწვია რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. აშშ-ის მთავრობამ დროებით მოხსნა დმიტრიევის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რათა სახელმწიფო დეპარტამენტს მისთვის აშშ-ში ჩასასვლელად ვიზის მიცემის საშუალება მიეცა.

ოთხშაბათს ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ და მოუწოდა მოსკოვს, დათანხმდეს უკრაინასთან ომში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას. პუტინმა განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე მცირე გავლენას მოახდენს და ეს მოსკოვზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ