28.10.2025 21:27
აშშ-ის სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება კვლავ ვერ შეძლო, ე.წ. შათდაუნი გრძელდება.
რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა კანონპროექტმა საჭირო 60 ხმიდან 54 მიიღო, 45-მა სენატორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
დემოკრატები უარს ამბობენ რესპუბლიკელების წინადადების მხარდაჭერაზე, რადგან, მათი თქმით, ეს ზღუდავს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის.
რესპუბლიკელები კი ე.წ. შათდაუნში დემოკრატებს ადანაშაულებენ.
როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სავარაუდოდ, დღეს მთავრობის დახურვის საკითხს რესპუბლიკელ სენატორებთან განიხილავს. ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ში გუშინ 7 000-მდე ავიარეისი გადაიდო. ერთი კვირით ადრე კი გადადებულმა ავიარეისებმა 8 800-ს გადააჭარბა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.
ავტორ(ებ)ი :