30.10.2025 22:12
გერმანიის მთავრობა პასუხობს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობას, ელჩის მიერ გამართულ შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების მიზანს.
როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, გერმანიის მთავრობა ადასტურებს, რომ პეტერ ფიშერი პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენელს შეხვდა და ეს შეხვედრა 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა. როგორც გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება.
„ფედერალური მთავრობა, პრინციპულად, კონფიდენციალური დისკუსიების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს",- ნათქვამია ბუნდესტაგის პასუხში.
ამასთან, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ამ პერიოდში გერმანიის ელჩი ერთხელ შეხვდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და ერთხელ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
„ფედერალური მთავრობის პასუხი პარლამენტის წევრების უდო თეოდორ ჰემელგარნის, გეროლდ ოტენის, ჰაინრიხ კოხის, პარლამენტის სხვა წევრებისა და AfD-ის საპარლამენტო ჯგუფის მცირე ინტერპელაციაზე.
ფედერალური მთავრობის განმარტება
დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა კანონიერი საშუალებით ინფორმირება მიმღებ სახელმწიფოში არსებული პირობებისა და მოვლენების შესახებ და ამის შესახებ მოხსენება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობისთვის. ეს მოიცავს შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
1. ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, მართალია თუ არა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ძვირად ღირებულების ქონება იქირავა ქართველი ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან?
- არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
2. ბოლო ათი კვირის განმავლობაში რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი?
- აღნიშნულ პერიოდში გერმანიის ელჩი ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენელს შეხვდა.
3. არსებობდა თუ არა ამ შეხვედრების კონკრეტული მიზეზები (იხ. კითხვა 2) და თუ კი, რა იყო ისინი?
4. რა იყო ზემოაღნიშნული შეხვედრების მიზნები (იხ. კითხვა 2)?
- მე-3 და მე-4 კითხვებს ერთად ვუპასუხებთ - მითითება კეთდება ფედერალური მთავრობის განმარტებაზე.
5. რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე?
6. რა მიზეზით გაიმართა ეს შეხვედრები საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე?
- მე-5 და მე-6 კითხვებს ერთობლივად ვპასუხობთ - ფედერალური მთავრობა, პრინციპულად, კონფიდენციალური დისკუსიების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს. გარდა ამისა, ფედერალური მთავრობა აღნიშნავს, რომ მე-2 კითხვაზე პასუხში ნახსენები შეხვედრა მხოლოდ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა.
7. რამდენად ხშირად ხვდებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ბოლო 12 კვირის განმავლობაში?
- ამ პერიოდში გერმანიის ელჩი ერთხელ შეხვდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და ერთხელ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
8. ფედერალური მთავრობის პერსპექტივიდან, როგორ შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს?
- შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება",- აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით მიმართა კითხვებით, რომლებიც 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ამასთან, გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა.
ავტორ(ებ)ი :