უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის პრინციპებზეა დაფუძნებული''- Axios 21.11.2025 23:09

 

Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი, რომელმაც აშშ-ის ახალ სამშვიდობო გეგმაზე ერთ-ერთმა პირველმა დაწერა, სოციალურ ქსელ X-ზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების პროექტის სრულ ტექსტს აქვეყნებს.

ტექსტის მიხედვით, აშშ-მა უკრაინას ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა. ასეთ გარანტიებს უკრაინა მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდება დათმობებს, რომლებიც ამერიკულ გეგმაშია წარმოდგენილი.

გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ უკრაინამ, რუსეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატო-მ.

„აშშ-ის წინადადების სრული ტექსტი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პროექტი, წინამდებარე ჩარჩო-შეთანხმება ადგენს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და აწესებს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც დაფუძნებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის პრინციპებზე, მორგებულია ამ კონფლიქტის გარემოებებზე და შეერთებული შტატების, მათი ევროპელი პარტნიორების ინტერესებზე. შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი, წინასწარ განზრახული და ხანგრძლივი შეიარაღებული თავდასხმა შეთანხმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული კონტაქტის ხაზის გადაკვეთით, უკრაინის ტერიტორიაზე, ჩაითვლება თავდასხმად, რომელიც საფრთხეს უქმნის ტრანსატლანტიკური საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ასეთ შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საკუთარი კონსტიტუციური ძალაუფლების განხორციელებით და უკრაინასთან, ნატო-სა და ევროპელ პარტნიორებთან დაუყოვნებლივი კონსულტაციების შემდეგ, განსაზღვრავს უსაფრთხოების აღსადგენად აუცილებელ ზომებს. ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს შეიარაღებული ძალის გამოყენებას, სადაზვერვო და ლოგისტიკურ დახმარებას, ეკონომიკურ, დიპლომატიურ ქმედებებს, ასევე სხვა ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროდ ჩაითვლება. ნატო-სა და უკრაინის მონაწილეობით მოქმედი ერთობლივი შეფასების მექანიზმი განიხილავს ყველა შესაძლო დარღვევას. ნატო-ს წევრები, მათ შორის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და ფინეთი ადასტურებენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპული სტაბილურობის განუყოფელი ნაწილია და ვალდებულებას იღებენ, იმოქმედონ შეერთებულ შტატებთან ერთად ნებისმიერი შესაბამისი დარღვევის შემთხვევაში, უზრუნველყონ შეკავების ერთიანი, საიმედო პოზიცია. წინამდებარე ჩარჩო-შეთანხმება ძალაში შევა ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს ათი წლის განმავლობაში, შესაძლო გახანგრძლივებით, საერთო შეთანხმების საფუძველზე. მისი შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს ერთობლივი ზედამხედველობის კომისია, რომელიც ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობით და აშშ-ის მონაწილეობით იმუშავებს", - წერია უსაფრთხოების გარანტიების პროექტის ტექსტში, რომელსაც Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი აქვეყნებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ