22.11.2025 16:17
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის" საკითხზე ამერიკულ მხარესთან კონსულტაციები გაიმართება.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება კონსულტაციები უკრაინის და აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა მიზანიც იქნება სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრების განსაზღვრა.
„უკრაინა ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება. ეს დიალოგის მორიგი ეტაპია, რომელიც გრძედლება ბოლო დღეებში და რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია შემდგომი ნაბიჯების შეთანხმებისკენ", - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.
როგორც რუსტემ უმეროვი „ტელეგრამაში" წერს, კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება. თუმცა, ზუსტი თარიღი დასახლებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, უმეროვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას ევროკავშირის ქვეყნებიც მიიღებენ, თუმცა მოგვიანებით ეს ჩანაწერი შეასწორეს.
უკრაინული მედიის ცნობით, შვეიცარიაში უკრაინის დელეგაციის წევრები იქნებიან თავად უმეროვი, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისილიცა.
ავტორ(ებ)ი :