ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის "სამშვიდობო გეგმას" აკრიტიკებს - რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება აშშ-ის ინტერესებისთვის კატასტროფა იქნებოდა 22.11.2025 16:23

ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას" აკრიტიკებს.

სენატში რესპუბლიკელების ყოფილი ლიდერის, მიჩ მაკკონელის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის გარემოცვა უფრო მეტად ფოკუსირებულია პუტინის გულის მოგებაზე, ნაცვლად მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრისა.

„პუტინმა მთელი წელი დაუთმო პრეზიდენტ ტრამპის სულელად გამოყვანის მცდელობას. თუ ადმინისტრაციის წევრები უფრო მეტად ზრუნავენ პუტინის დაშოშმინებაზე, ვიდრე რეალური მშვიდობის უზრუნველყოფაზე, მაშინ პრეზიდენტს ახალი მრჩევლები სჭირდება. რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება კატასტროფა იქნებოდა აშშ-ის ინტერესებისთვის. ხოლო ისეთი კაპიტულაცია, როგორიც იყო ავღანეთიდან აშშ-ის გამოსვლა ბაიდენის დროს, იქნებოდა კატასტროფული „ძალის მეშვეობით მშვიდობის" პოლიტიკის მემკვიდრეობისთვის", - განაცხადა მაკკონელიმ.

დემოკრატი სენატორი ჯინ ჯაჰინი, რომელიც სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, მიიჩნევს, რომ დოკუმენტი უფრო მეტად „პუტინის გეგმას" ჰგავს.

„რაც ნამდვილად უნდა გააკეთოს აშშ-მა, არის ზეწოლა პუტინზე, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდება, მეორადი სანქციების დაწესება კომპანიებისთვის, რომლებიც კვებავენ რუსულ სამხედრო მანქანას და აიძულოს პუტინი, დაჯდეს ნამდვილ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ ამ შეთანხმებაში რუსეთის ინტერესებს არ უნდა წარმოვადგენდეთ", - განაცხადა სენატორმა.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელი როჯერ უიკერი აცხადებს, რომ 28-პუნქტიან გეგმას აქვს რეალური ნაკლი და ის სკეპტიკურად არის განწყობილი ამ დოკუმენტის მიმართ.

„არ შეიძლება, უკრაინა აიძულო საკუთარი მიწა მსოფლიოში ყველაზე უარეს სამხედრო დამნაშავეს, ვლადიმირ პუტინს გადასცეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა და განლაგება მისი ხელისუფლების და ხალხის სუვერენული არჩევანია. ხოლო ნებისმიერი დაპირებები პუტინისადმი არ უნდა აჯილდოებდეს მის მავნებლურ ქმედებებს ან ძირს უთხრიდეს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას", - განაცხადა უიკერმა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან ფიცპატრიკმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი კენჭისყრაზე დადგეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ