რომელი პუნქტები ამოიღეს ტრამპის სამშიდობო გეგმიდან 25.11.2025 21:13

 

უკრაინის ჯარის განახევრება, ომის დროს ჩადენილი ქმედებების ამნისტია, გაყინული რუსული აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარის უკრაინის აღდგენაში ჩადება და მოგების 50%-ის შეერთებული შტატებისთვის გადაცემა - ეს ის პუნქტებია, რომელიც საერთაშორისო მედიის ცნობით, ჟენევაში ვაშინგტონის და კიევის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ტრამპის სამშვიდობო გეგმიდან ამოიღეს. მედია წერს, რომ უკრაინა ვაშინგტონის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ომის დასრულების ახალ პირობებზე სასაუბროდ უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას ელოდება.

უკრაინულ მხარესთან ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები დიალოგს ახლა აბუ-დაბიში რუსეთის წარმომადგენლებთან აწარმოებს. ინფორმაცია ""პოლიტიკომ"" წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ რუსულ მხარეს ტრამპის სამშვიდობო წინადადება ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მდივანმა გააცნო. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მოლაპარაკებებს ამ დრომდე არ ადასტურებს ოფიციალური მოსკოვი.

ტრამპის სამშვიდობო გეგმაში ცვლილებებს და მხარეებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ადასტურებენ ვაშინგტონში, თუმცა თეთრ სახლში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ დოკუმენტის 28 პუნქტიდან, რომელი აღარ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე. ამერიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ""ფოქსთან"" ინტერვიუში გაიმეორა, რომ დონალდ ტრამპს ომის დასრულება სურს, თქვა, რომ ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა ამ დროისთვის დაგეგმილი არ არის და აშშ-ს არ შეუძლია, უკრაინა იარაღით უსასრულოდ მოამარაგოს.

ტრამპის სამშვიდობო გეგმას ეხმაურებიან უკრაინის ევროპელი მოკავშირეები. ""ნიუ იორკ თაიმსი"" წერს, რომ ევროპული სახელმწიფოების ლიდერების მიზანია სამშვიდობო პროცესის შენელება და ტრამპის გეგმიდან იმ პუნქტების ამოღება, რომელიც მათი შეფასებით ევროპის ""წითელ ხაზებს"" კვეთს.

სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში ომი არ წყდება, სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობაა. მორიგი დარტყმა დღეს კიევზე განხორციელდა. რუსეთის ძალებმა კომბინირებული იერიში უკრაინის დედაქალაქზე დრონებით და რაკეტებით მიიტანეს. დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. ქალაქის სხვადასხვა უბანში მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ