კორუფციის საქმესთან დაკავშირებით ფედერიკა მოგერინიმ "ევროპის კოლეჯის" რექტორის თანამდებობა დატოვა 04.12.2025 20:30

ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი „ევროპის კოლეჯის" რექტორის თანამდებობიდან გადადგა.

„უკიდურესად მკაცრი და სამართლიანი დამოკიდებულების შესაბამისად, რომლითაც ყოველთვის ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, დღეს გადავწყვიტე და რექტორის თანამდებობიდან გადავდექი", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ კოლეჯის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრის შემდეგ.

მანამდე გავრცელებულ განცხადებაში მან განაცახდა, რომ სრულად ენდობა მართლმსაჯულების სისტემას და სჯერა, რომ კოლეჯის საქმიანობის სისწორე დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და კიდევ ორ პირს 3 დეკემბერს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებული თაღლითობისა და კორუფციის საქმესთან დაკავშირებით. ევროკავშირის პროკურატურის განცხადებით, ბრალდებები ეხება შესყიდვასთან დაკავშირებულ თაღლითობას და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტს და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას.

3 დეკემბერს თანამდებობა დატოვა კიდევ ერთმა ბრალდებულმა - ევროკომისიის მაღალჩინოსანმა, სტეფანო სანინომ, რომელმაც თქვა, რომ ტოვებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის რეგიონის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის თანამდებობას.

გამოძიება ეხება ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის პროექტს, რომელსაც სატენდერო პროცედურის შედეგად, საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებით, ბრიუგეს „ევროპის კოლეჯი" ახორციელებდა. ევროკავშირის პროკურატურა ეჭვობს, რომ 2021-2022 წლებში ტენდერი დარღვევით ჩატარდა და დაირღვა კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ