"დიფ სთეითმა" ჩემი განადგურება სცადა, თუმცა მე დავბრუნდი"-დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი საკუთარ შოუს იწყებს 04.12.2025 22:38

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი „იუთუბზე“ საკუთარ შოუს იწყებს.

ტრასის თქმით, მას სურს, ეს გადაცემა „კონტრრევოლუციის“ სახლი გახდეს.

„ლიზ ტრასის შოუს“ პირველი ეპიზოდი პარასკევს გავა. როგორც ანონსშია აღნიშნული, ეს იქნება თამამი ახალი გადაცემა მედიასივრცეში, სადაც დომინირებს ჯგუფური აზროვნება და ფრთხილი კონსენსუსი.

„„დიფ სთეითმა“ ჩემი განადგურება სცადა, თუმცა მე დავბრუნდი და მოხარული ვარ, დავიწყო ეს შოუ“,  – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოსტს ყველაზე მოკლე ვადით იკავებდა. მან თანამდებობაზე მხოლოდ 49 დღე გაატარა და წარუმატებელი ეკონომიკური რეფორმის გამო გადადგა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ლიზ ტრასმა დაწერა მემუარები, რომელშიც ეკონომიკურ პრობლემებში ინგლისის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი დაადანაშაულა.

ლიზ ტრასი გადაცემას ამერიკელი ჟურნალისტის, ჯონ სოლომონის ქსელთან, Just the News-თან თანამშრომლობით შექმნის. ეპიზოდები ყოველკვირეული იქნება და ხელმისაწვდომი იქნება ვიდეო და აუდიოპლატფორმებზე – YouTube-ი, Rumble–ი და Spotify.

„ადამიანები ბრიტანეთში, ამერიკაში და მთელ თავისუფალ მსოფლიოში დაიღალნენ, მათ ზემოდან ელაპარაკებიან. ისინი დაიღალნენ ექსპერტებისგან, რომლებიც ყველაფერს არასწორად იგებენ, დაიღალნენ ელიტებისგან, რომლებსაც არ სურთ მოსმენა და სუსტი ლიდერებისგან, რომლებიც არ იცავენ დასავლურ ღირებულებებს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ