06.12.2025 14:41
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი" ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (IAEA) დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს განცხადებით, გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ 1.5 მილიარდი ევროს ღირებულების ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია, რომელიც 1986 წელს აფეთქებული მე-4 რეაქტორის ნაშთების შესაკავებლად აშენდა, თებერვალში დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებულია და ვეღარ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას, რაც რადიაციის შეკავებას გულისხმობს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, დამცავმა კონსტრუქციამ ძირითადი უსაფრთხოების ფუნქციები დაკარგა, თუმცა, მისივე განმარტებით, მონიტორინგის სისტემებს მუდმივი დაზიანება არ მიუღიათ.
რაფაელ გროსის თქმით, შესაკეთებლად გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ხანგრძლივი ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შემდგომი დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად, ყოვლისმომცველი აღდგენაა საჭირო.
ცნობისთვის, 14 თებერვალს გაერო-მ უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დრონით თავდასხმის შედეგად მეოთხე რეაქტორის დამცავ კონსტრუქციას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის მტკიცებით, დრონი რუსულმა ძალებმა გაუშვეს. თუმცა, მოსკოვმა ელექტროსადგურზე თავდასხმა უარყო. როგორც თებერვალში გაერო-ში განაცხადეს, რადიაციის დონე ნორმალური და სტაბილურია და რადიაციის გაჟონვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ავტორ(ებ)ი :