11.12.2025 20:28
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გადადგა. აღსანიშნავია, რომ დღეს ბულგარეთის პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით დაგეგმილი იყო კენჭისყრა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე, თუმცა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ გვესმის მოქალაქეების ხმები, რომლებიც პროტესტს მართავენ მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები, რაც არის მთავრობის გადადგომა. ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები ითხოვდნენ გადადგომას და ეს სამოქალაქო ენერგია უნდა იქნეს მხარდაჭერილი", - თქვა ჟელიაზკოვმა.
პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა წინა დღით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასა და 25-მდე სხვა ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბულგარეთში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა. თუმცა მოგვიანებით მთავრობამ პროექტი უკან გაიწვია. ამის მიუხედავად, ბულგარეთის ქალაქების ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები მაინც გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.
ავტორ(ებ)ი :