ტერიტორიების დათმობის საკითხი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს -ვოლოდიმირ ზელენკი 11.12.2025 21:35

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, ტერიტორიების დათმობის საკითხი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ უკრაინელი ხალხი ამ კითხვას პასუხს გასცემს. იქნება ეს არჩევნებით თუ რეფერენდუმით, უკრაინელმა ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ს გადაუგზავნეს სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია. მისი თქმით, აშშ დაჟინებით ითხოვს დემილიტარიზებული „თავისუფალი ეკონომიკური ზონის" შექმნას რუსეთის და უკრაინის ძალებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში დარეგულირების ფარგლებში.

„ისინი ასე ხედავენ, რომ უკრაინული ჯარები ტოვებენ დონეცკის ოლქის ტერიტორიას, და სავარაუდო კომპრომისი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის ჯარი ამ ტერიტორიაზე არ შედის. ვინ მართავს ამ ტერიტორიას, რომელსაც ისინი „თავისუფალ ეკონომიკურ ზონას" ეძახიან ან „დემილიტარიზებულ ზონას", მათ არ იციან", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

ამ გეგმის თანახმად, რუსეთი არ იქნება ვალდებული დონეცკის ოლქიდან, ან ხერსონიდან, ან ზაპოროჟიედან, დნეპროპეტროვსკიდან ან სუმის ოლქიდან ჯარები გაიყვანოს. უკრაინის ლიდერის თქმით, დონეცკის ოლქის მომავალი სტატუსი და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის თემა წარმოადგენს ორ გადამწყვეტ სადავო საკითხს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში.

„ეს არის ორი თემა, რომელთა განხილვასაც ვაგრძელებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ