15.12.2025 18:40
უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს | წერს გერმანული გამოცემა BILD ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლების 14 დეკემბრის შეხვედრის შესახებ გამოცემა გარკვეულ დეტალებს ავრცელებს. "მაგიდაზე ომის „გაყინვის" ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმა დევს, რომელსაც კიევი მოსკოვის სასარგებლოდ მიკერძოებულად მიიჩნევს. ძირითადი დავა ტერიტორიულია. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები „დე ფაქტო აღიარებულია, როგორც რუსული", ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ფრონტის ხაზები გაყინულია." | ნათქვამია სტატიაში. BILD-ის ცნობით, კიევი მზადაა დროებით „გაყინოს" ფრონტი და ფაქტობრივად დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს მოთხოვნას, გაიყვანოს უკრაინული ჯარები დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან. გამოცემის ცნობით, აშშ-მა კომპრომისი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც: უკრაინა დონეცკის რეგიონში დაახლოებით 5,600 კვადრატული კილომეტრით დაიხევა უკან და იქ „დემილიტარიზებული ეკონომიკური ზონა" შეიქნება. მოსკოვმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა იმ დათქმით, თუ იქ რეგულარული არმიის ნაცვლად, ეროვნულ გვარდიას შეიყვანს. „ჩვენ ამას არ მივიღებთ. ეს უკრაინის არმიის კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა" | განუცხადა BILD-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა. პასუხად, კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააჟღერა. „თუ უკრაინის ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, ხუთიდან ათ კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე?" | ხაზგასმით აღნიშნა მან.
ავტორ(ებ)ი :