ილონ მასკის ქონებამ $600 მილიარდს გადააჭარბა 16.12.2025 13:33

ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის ქონების შეფასებამ $600 მილიარდს გადააჭარბა.


როგორც გავლენიანი გამოცემა Forbes-ი წერს, მასკის ქონების მკვეთრი ზრდა მისი კომპანიის, SpaceX-ის შეფასების $800 მილიარდამდე ზრდამ განაპირობა.

ამ მოცემულობით მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც აღნიშნულ ნიშნულს მიაღწია.

მულტიმილიარდელი კოსმოსური სფეროს ამერიკული გიგანტის აქციების 42%-ს ფლობს. შესაბამისად, მხოლოდ SpaceX-ში მისი ამჟამინდელი წილი $336 მილიარდით განისაზღვრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის შეფასება ჯერ კიდევ აგვისტოში $400 მილიარდს არ სცდებოდა. ზრდა კი არამარტო წარმატებულმა სარაკეტო გამოცდებმა, არამედ საფონდო ბირჟაზე გამოჩენის დაანონსებამ განაპირობა. არსებობს მოლოდინი, რომ ბირჟაზე დალისტვის შემდეგ SpaceX-ის შეფასება $1.5 ტრილიონამდე გაიზრდება, რაც მომავალი წლის ბოლოსთვის მასკს ტრილიონერ ბიზნესმენად აქცევს.

როგორც ცნობილია, SpaceX-ი არ არის მასკის ერთადერთი კომპანია, რომელშიც ის დიდი მოცულობის წილებს ფლობს. მაგალითისთვის, ელექტრომობილების ამერიკული ინდუსტრიის გიგანტ Tesla-ში ბიზნესმენის წილი 12%-ია და $197 მილიარდადაა შეფასებული. მასკის ქონების ნაწილია აქციების 53%-იანი წილი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შექმნილ კომპანია xAI-შიც, რომლის საბაზრო შეფასებაც $60 მილიარდს შეადგენს.

აქვე უნდა განიმარტოს, რომ ილონ მასკის ქონება ბოლო 5 წელიწადში არნახული მასშტაბით გაიზარდა. ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მისი ქონება $24.6 მილიარდს არ სცდებოდა. იმავე წლის აგვისტოში კი ქონების შეფასებამ $100 მილიარდს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მასკმა $500-მილიარდიან ნიშნულს სულ რაღაც ორი თვის წინ, 2025 წლის ოქტომბერში მიაღწია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ