26.12.2025 10:16
საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 26 დეკემბერს გაიმართება, - ამის შესახებ უმაღლესი რადას სპიკერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა.
„საომარი მდგომარეობისა და ომის შემდგომი პერიოდის დროს არჩევნებისა და რეფერენდუმის მომზადების სამუშაო ჯგუფის პირველი ონლაინ შეხვედრა ხვალ, 13:00 საათზეა დაგეგმილი. სამუშაო ჯგუფში უკვე 60-მდე ადამიანია შეყვანილი", - განაცხადა კორნიენკომ.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფში შედიან თითოეული საპარლამენტო ფრაქციისა და ჯგუფის ორ-ორი წარმომადგენელი, ასევე ძირითადი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან 10-მდე ადამიანი და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.
„წარმომადგენლობის დონე განსხვავებულია - ძირითადად, შესაბამისი დეპარტამენტების უფროსის მოადგილეები, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სახელმწიფო მდივანი. ჯგუფში შედის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხუთი წევრი, რომელსაც თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ტექნიკური ასპექტების განსახილველად არიან როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე უმაღლესი რადას აპარატის წარმომადგენლები" - აღნიშნა კორნიენკომ.
კორნიენკოს განცხადებით, პირველი შეხვედრა ორი ძირითადი ნაწილისგან იქნება შემდგარი.
„პირველი ნაწილი ორგანიზაციული ხასიათის იქნება. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ ვიმუშავებთ. მე მაქვს იდეა, რომ თემატურ ქვეჯგუფებად დავიყოთ და იქ უფრო პროფესიონალური ტექნიკური დისკუსიები ჩავატაროთ, შემდეგ კი ყველაფერი უფრო დიდ ჯგუფში განვიხილოთ"- განაცხადა კორნიენკომ.
უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის თქმით, მეორე ნაწილის დროს, სამუშაო ჯგუფის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზენტაციას მოისმენენ.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები მოამზადებენ პრეზენტაციას, სადაც წამოჭრიან ყველა იმ საკითხს, რომელიც არსებობს საომარი მდგომარეობის დროს და ომის შემდგომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შემდეგ კი უბრალოდ გავცვლით მოსაზრებებს იმის შესახებ, ამ საკითხებიდან რომელი შეიძლება გადაიჭრას, როგორ და სად უნდა წავიდეთ შემდეგ. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვიმუშავებთ", - განაცხადა კორნიენკომ.
ავტორ(ებ)ი :