04.01.2026 21:47
შეერთებული შტატების მიერ ელვისებური სისწრაფით განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რომლის დროსაც ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს, შესაძლოა რუსეთ-ჩინეთისთვის სტრატეგიული საჩუქარი იყოს, - ამის შესახებ საერთაშორისო მიმომხილველი ადრიან ბლომფელდი The Telegraph-ის მიმოხილვაში წერს.
მისივე შეფასებით, მოსკოვმა და პეკინმა, სავარაუდოდ ლათინურ ამერიკაში მთავარი მოკავშირე დაკარგეს, მაგრამ პოტენციურად გლობალურად უფრო მნიშვნელოვანი რამ მოიპოვეს.
რატომ არ არიან პუტინი და სი ძინპინი მადუროს დამხობით უკმაყოფილოები?
ბუნებრივია, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამერიკის შეჭრამ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, აღშფოთება გამოიწვია. მოსკოვმა და პეკინმაც გამოთქვეს შეშფოთება და მათთვის ეს დიპლომატიური რიტორიკაზე მეტია.
ამასთან, ბლომფელდი აღნიშნავს, რომ პუტინს დღეს კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვს, რომ პირად უსაფრთხოებაზე ინერვიულოს, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მას უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებში დასდო ბრალი.
ვენესუელის პრეზიდენტის სახით მოკავშირის დაკარგვის მიუხედავად, მოსკოვმა და პეკინმა, შესაძლოა, ეს მოვლენები შესაძლებლობად აღიქვან.
ერთი მხრივ, ტრამპმა გლობალურ ასპარეზზე ძალის გამოყენების გადაწყვეტილება აჩვენა. მეორე მხრივ, ეს ლათინურ ამერიკაში მოხდა, რომელსაც ტრამპი აშკარად ამერიკული გავლენის ზონას უწოდებს.
ამგვარად, მადუროს დამხობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სურვილი, ყურადღება გაამახვილოს თავის „მშობლიურ" რეგიონზე.
როგორც „ტელეგრაფის" მიმომხილველი აღნიშნავს, ამ კონტექსტში, მოსკოვმა და პეკინმა, შესაძლოა, საერთაშორისო ასპარეზზე თავშეკავების ნაცვლად თავი გაბედულად იგრძნონ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ჩინეთი, სავარაუდოდ, დაკარგავენ წვდომას ვენესუელაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავთობის რეზერვებზე, მათთვის კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნება კარები ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, სადაც აშშ-ის ქმედებები უკიდურესად ნეგატიურად იქნა შეფასებული.
„სამხრეთ ამერიკაში აღშფოთება და განვითარებად ქვეყნებში ბრაზი, შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ იქცეს", - აღნიშნავს მიმომხილველი.
ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მადურო ბრუკლინში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ავტორ(ებ)ი :