05.01.2026 10:51
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიის მთავრობას „ავადმყოფი ადამიანი მართავს".
„ჩვენ გვყავს ძალიან ავადმყოფი მეზობელი, ის მეზობლად შეიძლება ჩაითვალოს და ეს არის ვენესუელა. კოლუმბიაც ძალიან ავადაა. მას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში ყიდის. ის დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას. მას აქვს კოკაინის ქარხნები და ფაბრიკები. დიდხანს ვეღარ შეძლებს ამას", - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვა, ჩაატარებს თუ არა შეერთებული შტატები ოპერაციას კოლუმბიაში.
„კარგად ჟღერს ჩემთვის. იცით რატომ? რადგან ისინი ბევრ ადამიანს კლავენ", - უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, კუბა კოლაფსის პირასაა.
„კუბა გამოიყურება ისე, თითქოს მზადაა დაცემისთვის. არ ვიცი, გაუძლებენ თუ არა, მაგრამ კუბას ახლა შემოსავალი არ აქვს. ყველა შემოსავალს ვენესუელიდან იღებდნენ, ვენესუელის ნავთობიდან. ამას აღარ იღებენ. კუბა სიტყვასიტყვით მზადაა დაცემისთვის", - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, განიხილავს თუ არა აშშ სამხედრო ქმედებებს კუბაში.
„ვფიქრობ, უბრალოდ დაეცემა. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ქმედება გვჭირდება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, მისივე თქმით, მექსიკას „კარტელები მართავენ".
„სხვათა შორის, მექსიკასთან დაკავშირებითაც რაღაც უნდა გაკეთდეს. მექსიკამ უნდა მოიწესრიგოს საკუთარი თავი, რადგან მექსიკის გავლით ყველაფერი შემოდის. ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ. მექსიკას კარტელები მართავენ. არ არის სასიამოვნო ამის თქმა, მაგრამ კარტელები მართავენ მექსიკას", - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :