18.01.2026 23:20
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს, რომ გრენლანდიის კრიზისის მოსაგვარებლად დანია აშშ-სთან დიპლომატიურ ურთიერთობას გააგრძელებს.
მისივე თქმით, ვაშინგტონის მხრიდან მომდინარე საფრთხის მიუხედავად, ქვეყანა დიპლომატიურ გზაზე დარჩება.
„მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო და ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა ამ საკითხზე მუშაობა და გვენახა, შევძლებდით თუ არა ისეთი გამოსავლის პოვნას, რომელიც პრეზიდენტს (დონალდ ტრამპს) გრენლანდიის მისაკუთრების იდეაზე უარს ათქმევინებს, გრენლანდიის სუვერენიტეტს, დანიის სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს და ამავდროულად აშშ-ს გონივრულ მოლოდინებსა და მოთხოვნებს გაითვალისწინებს. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ და ამიტომ, არსებული საფრთხეების მიუხედავად, ბუნებრივია, ვეცდებით, რომ სწორ გზაზე დავრჩეთ", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არატრადიციულია".
„ამერიკის პრეზიდენტი, დიპლომატიურად რომ თქვათ, არატრადიციულია, მაგრამ შეერთებული შტატები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ამერიკის პრეზიდენტი. მე ახლახან ვიყავი იქ. ამერიკულ საზოგადოებაშიც არსებობს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები", - აღნიშნავს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირის რეაგირება აუცილებელია.
„ჩვენ ჩვენს ამჟამინდელ კურსს გავაგრძელებთ, თუ აშშ სხვაგვარად არ გადაწყვეტს. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ევროკავშირისგანაც გვჭირდება რეაგირება. ჩვენს ევროპელ მეგობრებს შორის მჭიდრო კონსულტაციები მიმდინარეობს", - განაცხადა რასმუსენმა.
თავის მხრივ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომ ქვეყნის პოზიცია უცვლელია.
„ნორვეგიის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენზე ზეწოლა განხორციელდეს. ახლო მოკავშირეებთან ურთიერთობაში ასეთი მუქარა მიუღებელია", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :