22.01.2026 17:32
დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა.
როგორც აზერბაიჯნაული მედია წერს, შეხვედრისას აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებით. მედიის ცნობით, „განსაკუთრებულად გაესვა ხაზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ისტორიულ როლს იმ შეთანხმებების მიღწევაში, რომლებიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინ წაწევას".
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეეხო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. მან აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა უკვე არსებობს და ხაზი გაუსვა, რომ ეს ასევე აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე.
მედიის ცნობით, ამ კონტექსტში მან აღნიშნა აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ასევე იმპორტირებული მარცვლეულის მიწოდება სომხეთში. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის მარშრუტის პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული კავშირების გაძლიერებაში.
აზერბაიჯანული მედია ასევე წერს, რომ ალიევმა და ტრამპმა საუბრისას განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს" მნიშვნელობა და აღინიშნა ამ ორგანიზაციის როლი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის განმტკიცებაში, ასევე გლობალური კონფლიქტების დარეგულირების ხელშეწყობაში.
მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიწვევა „მშვიდობის საბჭოში" დამფუძნებელ სახელმწიფოდ შეფასდა, როგორც აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოხატულება და იმ როლის აღიარება, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის ხელშეწყობაში ასრულებს. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე და აღნიშნეს სხვადასხვა დონის ვიზიტებისა და კონტაქტების მნიშვნელობა.
ავტორ(ებ)ი :