უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ 27.01.2026 17:35

უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომელიც რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას ეხება, სამართლებრივად გაასაჩივრებენ.

აღნიშნული განცხადება მას შედეგ გახდა ცნობილი, რაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კვალიფიციური უმრავლესობით (წევრი ქვეყნების, სულ მცირე, 55%-ის თანხმობით, რომლებიც ერთად წარმოადგენენ ევროკავშირის მოსახლეობის, სულ მცირე, 65%-ს) 26 იანვარს მიაღწიეს საბოლოო თანხმობას, რომლის მიხედვითაც, 2027 წლიდან რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს სრულად აკრძალავენ.

უნგრეთმა და სლოვაკეთმა აღნიშნული წინადადების წინააღმდეგ მისცეს ხმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მიუთითა ევროკავშირის კანონმდებლობაზე, რომლის თანახმადაც, წინადადებებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა უნდა ჰქონდეს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კი განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა სარჩელს შეიტანს ევროკავშირის სასამართლოში და კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ ქმედებებს.

ცნობისთვის, 26 იანვარს ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში როგორც მილსადენებით გაზის მიწოდების შეწყვეტას, ასევე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის თანდათანობით შეწყვეტას ითვალისწინებს.

ახალი წესები ასევე მოიცავს ენერგეტიკული მიწოდების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციის ზომებს. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ომისა და ენერგიის იარაღად გამოყენების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები 2022 წლის მარტის ვერსალის დეკლარაციაში შეთანხმდნენ, რომ თანდათანობით შეწყვიტონ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება. შესაბამისად, ბოლო წლებში რუსეთიდან ევროკავშირში გაზისა და ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის იმპორტი 2025 წელს მოქმედი სანქციების რეჟიმის შედეგად 3%-ზე დაბლა დაეცა, რუსული გაზი 2025 წელს ევროკავშირის იმპორტის დაახლოებით 13%-ს მაინც შეადგენდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ