29.01.2026 15:49
დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობისას ვიზა აღარ დასჭირდებათ. ინფორმაციას Sky News-ი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პეკინში ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან განიხილა.
თავდაპირველად ჩინეთის მთავრობა ამბობდა, რომ აღნიშნულ საკითხს აქტიურად განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით დაადასტურა, რომ სავიზო რეჟიმი მოხსნილია. ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში ვიზის გარეშე 30-დღიანი მოგზაურობა შეეძლებათ.
Sky News-ის ცნობით, უვიზოდ ჩინეთში მოგზაურობას როგორც ტურისტები, ისე ბიზნესმენები შეძლებენ.
დღესდღეობით ბრიტანეთის მოქალაქისთვის ჩინეთის ვიზის ღირებულება 100 გირვანქა სტერლინგზე მეტს შეადგენს. თავად ვიზის აღება ერთ კვირაშია შესაძლებელი, თუმცა დამატებითი გადასახადის შემთხვევაში პროცედურა დაჩქარდება.
ავტორ(ებ)ი :