აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა 31.01.2026 16:09

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო.

ბრალდების ერთი ნაწილი ეხება 2001 წლიდან 2005 წლამდე პერიოდს, სადაც ფიგურირებენ 14-დან 17 წლამდე ასაკის გოგონები და მოიცავს ბრალდებებს შეთქმულების, სექსტრეფიკინგის და არასრულწლოვნის შეცდენის რამდენიმე ეპიზოდში. ახალ მასალებში გამოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელიც.

„სიენენის" ინფორმაციით, ჯეფრი ეფშტეინის ერთ-ერთმა მსხვერპლმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს განუცხადა, რომ მისმა დიდი ხნის თანამოაზრემ, გისლეინ მაქსველმა, ერთხელ წვეულებაზე დონალდ ტრამპს „წარუდგინა" მისი თავი და მიანიშნა, რომ ის „ხელმისაწვდომი" იყო. დაზარალებულის თქმით, მაქსველმა ის ნიუ-იორკში წვეულებაზე მიიყვანა, როდესაც დაახლოებით 22 წლის იყო. ჩანაწერების თანახმად, მაქსველი „ძალიან აღფრთოვანებული ჩანდა იმით, რომ მსხვერპლი ბევრ შესანიშნავ მამაკაცს შეხვდებოდა". ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ტრამპმა ქალი ფლორიდაში, თავის კლუბ „მარ-ა-ლაგოში" დაპატიჟა.

„სიენენის" ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებული ახლად გამოქვეყნებული ფაილები ასევე მოიცავს გამოძიების ფედერალური ბიუროს ფორმას, სადაც დეტალურად არის აღწერილი ქალის საჩივარი, რომელმაც დონალდ ტრამპი 13 წლის ასაკში მის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ამ ანონიმურმა ბრალმდებელმა ადრეც აღძრა სარჩელი ტრამპის წინააღმდეგ და შეწყვიტა, ბოლო შემთხვევაში 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.

„სიენენის" თანახმად, გამოქვეყნებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ტრამპის მიერ ანონიმური მომჩივნის მიმართ სავარაუდო ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის გაუპატიურება. მასში ასევე ნათქვამია, რომ ეფშტეინი, სავარაუდოდ, გაბრაზებული იყო იმით, რომ ტრამპმა ეს პირი გააუპატიურა. ეს აღწერილობები ასახავს ბრალდებებს, რომლებიც ანონიმურმა მომჩივანმა ჯეინ დოუს სახელიოთ 2016 წელს სარჩელში მოიტანა.

საგამოძიებო ბიუროს ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხად, თეთრმა სახლმა „სიენენს" იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაზე მიუთითა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ეფშტეინის ფაილების" 30 იანვარს გამოქვეყნებულ მილიონობით დოკუმენტში „შესაძლოა ყალბი ან ცრუდ წარდგენილი სურათები, დოკუმენტები ან ვიდეოები" იყოს, რადგან „ყველაფერი, რაც ბიუროს საზოგადოების მიერ გაეგზავნა" საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იყო შეტანილი.

დონალდ ტრამპმა ეპშტეინთან დაკავშირებით რაიმე სახის დანაშაული ადრე უარყო.

30 იანვარს გამოქვეყნებული რამდენიმე ელექტრონული წერილი ჯეფრი ეფშტეინსა და აშშ-ის ყოფილ ფინანსთა მდივანს და ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ლარი სამერსს შორის, აჩვენებს, რომ ისინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საუბრობდნენ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.

„რამდენად დამნაშავეა დონალდი?" - იკითხა სამერსმა 2017 წლის მაისში გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, რომელშიც განიხილავდა იმ იდეას, რომ რუსეთი ტრამპს 2016 წელს გამარჯვებაში დაეხმარა, რასაც სამერსი „დამაჯერებლად, მაგრამ არა დანამდვილებით" მიიჩნევდა. ეფშტეინმა უპასუხა, რომ „თქვენი სამყარო ვერ ხვდება, რამდენად სულელია ის სინამდვილეში".

2016 წლის ოქტომბრის წერილში სამერსი ეფშტეინს ეკითხება: „რამდენად დამაჯერებელია იდეა, რომ ტრამპი რეალურად კოკაინის მომხმარებელია?" ეპშტეინმა უპასუხა „ნული".

2017 წლის ივლისში სამერსმა ეფშტეინს მისწერა: „ვფიქრობ, შენი მეგობარი ფსიქიკურად დაავადებულია". ეფშტეინმა უპასუხა, რომ ეს ადამიანი „ჩემი მეგობარი არ არის და ეს ადრეც გითხარი". ასევე ეპშტეინმა თავისი რეპუტაცია დაიცვა ისრაელთან და ინდოეთთან კავშირებით.

ახალ მასალებს ასევე ფიგურირებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელიც ჯეფრი ეფშტეინის მეგობართან, გისლეინ მაქსველთან ერთად ჩანს კერძო თვითმფრინავში.

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, მილიარდერ ილონ მასკს ჯეფრი ეფშტეინთან ელექტრონული მიმოწერა ჰქონდა, რათა ეფშტეინის კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე ვიზიტები დაეგეგმა.

მასკის ადრეული განცხადების თანახმად, მან უარყო ეფშტეინის მცდელობა, რომ მის საკუთრებაში არსებული ორი კუნძულიდან ერთ-ერთზე წასულიყო.

როგორც მედია წერს, პატარა სენტ-ჯეიმსის კუნძული ეფშტეინის მხრიდან გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მიმართ ათწლეულების განმავლობაში ძალადობის ეპიცენტრი იყო. თუმცა, 30 იანვარს გამოქვეყნებული კომუნიკაციებიდან ირკვევა, რომ მასკმა 2012 და 2013 წლებში სცადა მოგზაურობების კოორდინაცია - ერთ მომენტში ეფშტეინს ჰკითხა, კუნძულზე რომელი დღეს ან ღამეს იქნებოდა „ყველაზე ველური წვეულება".

ახალ მასალებში ასევე ჩანს ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა ენდრიუ, რომელიც უცნობ ქალთან ერთად არის გადაღებული. ბრალდების თანახმად, ფინანსისტი ჯეფრი ეფშტეინი არასრულწლოვნებს ეძებდა და ასობით დოლარს იხდიდა სექსუალური აქტებისთვის, როგორც ნიუ-იორკში, თავის სახლში, ასევე ფლორიდაში, მდებარე საკუთარ მამულში.

ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წლის აგვისტოში მანჰეტენის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს, სექსტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებიდან მალევე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ