აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი "შათდაუნი" დაიწყო 31.01.2026 17:31

აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი „შათდაუნი" დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი" ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით ღამის 12:00 საათზე ათობით ფედერალურ სააგენტოს დაფინანსება შეუწყდა, რამაც მთავრობის ნაწილობრივი დახურვა გამოიწვია.

მედიაში ვარაუდობენ, რომ „შათდაუნი" ხანმოკლე იქნება.

მთავრობის დაფინანსების ვადის ამოწურვამდე აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების პაკეტი 71 ხმით 29-ის წინააღმდეგ მიიღო. სენატორები უმეტესი სააგენტოებისთვის დაფინანსების სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, რომელსაც დასამტკიცებლად დრო სჭირდება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ყველაზე ადრეული სხდომა, შესაძლოა, ორშაბათს გაიმართოს. მანვე აღნიშნა, რომ პალატის მოთხოვნაა, ტექსტი კენჭისყრამდე 72 საათით ადრე იყოს ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის, 2025 წლის აშშ-ის ფედერალური მთავრობის „შათდაუნი" ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო და 43 დღე გაგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი 2025 წლის 13 ნოემბერს მოაწერა, რითიც „შათდაუნი" დასრულდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ