03.02.2026 18:41
ევროკავშირის ელჩებმა კიევისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - ამის შესახებ „პოლიტიკო" ოთხ დიპლომატზე დაყრდნობთ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები კიევისთვის გადამწყვეტია, რადგან სხვა შემთხვევაში უკრაინა აპრილში ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება. ეს თანხა კი ქვეყანას როგორც ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის, ასევე რუსეთთან ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება.
„პოლიტიკოს" წყაროების განცხადებით, ელჩებს შორის უთანხმოების მთავარი საკითხია, თუ როგორი წვდომა ექნებათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კომპანიებს სესხით დაფინანსებული შესყიდვების გარიგებებზე.
მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი ასევე იყო ბრიტანული კომპანიებისთვის სესხის გაცემაში მონაწილეობის უფლების მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი მესამე ქვეყნების ჩართვის წინააღმდეგობის სათავეში იდგა, პარიზი აცხადებს, რომ სურს, სესხის გაცემაში დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდეს.
„საფრანგეთი არასდროს ყოფილა წინააღმდეგი დიდი ბრიტანეთის უკრაინის სესხში მონაწილეობაზე. ჩვენი ერთადერთი სათქმელი ის არის, რომ მესამე ქვეყნებმაც უნდა შეიტანონ ფინანსური წვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რაც უსამართლოა", - განუცხადა ფრანგმა დიპლომატმა „პოლიტიკოს".
ავტორ(ებ)ი :