09.02.2026 20:38
ეს არის ულამაზესი ქვეყანა, რომელთან პარტნიორობითაც აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს და ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი საუკეთესო მოკითხვებს გიგზავნით როგორც პირადად თქვენ, ასევე სომხეთის ხალხს. ნამდვილად თვალშისაცემია ის, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ერთად მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ვენსმა ფაშინიანს უწოდა მომავალზე ორიენტირებული ადამიანი, რომელმაც სომხეთს მშვიდობა მოუტანა.
„მშვიდობას ფრთხილი ადამიანები არ ქმნიან. მშვიდობას არ ქმნიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტად არიან ორიენტირებული წარსულზე. მშვიდობას ქმნიან ადამიანები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებული. დღეს ჩვენ გვსურს, გამოვაცხადოთ დიდი ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა თქვენი ლიდერობის გარეშე, იმ მშვიდობის გარეშე, რომელსაც ამ ქვეყანაში ვხედავთ", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში ისტორიული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რაც გრძელვადიანი მშვიდობის საწინდარია.
„ძალიან ვამაყობ, რომ ვსაუბრობ ისტორიულ ტრანსფორმაციაზე. ეს გახსნის ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების სრულიად ახალ სამყაროს მსოფლიოს ამ რეგიონში და შექმნის უპრეცედენტო კავშირებს სომხეთსა და მის მეზობლებს შორის. ეს შესანიშნავია სომხეთის ხალხის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ასევე შესანიშნავია მშვიდობის მდგრადი პროექტისთვის, რადგან როდესაც თქვენ ქმნით ამ ურთიერთდაკავშირებულ ეკონომიკებს, ენერგეტიკულ სექტორებს და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ ამ რეგიონში შეიძლება იყოს მდგრადი მშვიდობა. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ მშვიდობის დამყარება პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ასევე გვინდა, მშვიდობა შენარჩუნდეს და ეს არის ის, რასაც დღეს აქ ვაღწევთ", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. მედიის ცნობით, შეთანხმება მთავრობებს შორის ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობას მოიცავს.
ავტორ(ებ)ი :