10.02.2026 20:54
აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიას მოეწერა ხელი.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ილჰამ ალიევის თქმით, ჯეი დი ვენსის ბაქოში ოფიციალური ვიზიტი დიდი პატივია. მისივე განცხადებით, დღეს შეხვედრაზე ორმხრივი დღის წესრიგის მრავალი საკითხი განიხილეს.
„დიდი მადლობა ტრამპის ადმინისტრაციას აზერბაიჯანისადმი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებისთვის", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია ასახავს ექვსი თვის განმავლობაში ორი ქვეყნის გუნდების ნაყოფიერ მუშაობას.
„ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობთ. ვსწავლობთ მშვიდობაში ცხოვრებას და ძალიან მადლიერი ვართ შეერთებული შტატების მთავრობის ამ დიდი წვლილისთვის", - აღნიშნა ალიევმა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა არა მხოლოდ მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთისკენ ტვირთების ტრანზიტზე, არამედ დაიწყო ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთში, რითაც ფაქტობრივად წამოიწყო ვაჭრობა და თანამშრომლობა.
ამასთან, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი რეგიონში ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განხორციელებაა.
„ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არა მხოლოდ დააკავშირებს აზერბაიჯანის ორ ნაწილს, არამედ იქნება ძალიან საიმედო, უსაფრთხო და მასშტაბური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დააკავშირებს აზიას ევროპასთან აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის გავლით", - განაცხადა ალიევმა.
ილჰამ ალიევის თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები „აბსოლუტურად ახალ ფაზაში შედის".
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, დღეს ხელმოწერილ ქარტიაში მოცემულია თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება.
ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნები განაგრძობენ მჭიდრო მუშაობას უსაფრთხოებასთან და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
ამასთან, შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი იწყებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც, ალიევის განცხადებით, „ძალიან პერსპექტიულია".
ავტორ(ებ)ი :