10.02.2026 21:04
ჩვენ შევქმნით კეთილდღეობას იქ, სადაც ადრე მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კონფლიქტებისა და ომების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, არის ორი ხალხის ერთად მუშაობა მეტი კეთილდღეობის მისაღწევად.
ვენსის მტკიცებით, „ტრამპის მარშრუტი" აზერბაიჯანისთვის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის და ბუნებრივი რესურსების ექსპორტი უფრო გამარტივდება. ვენსის თქმით, ეს პროექტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობას სტიმულს მისცემს.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ეს ოფიციალურად დაადასტურებს პარტნიორობას და ნათლად აჩვენებს, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები გაგრძელდება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც ორივე ხალხისთვის დიდ სარგებელს მოიტანს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის განახლება არ მოხდეს, ხალხებს შორის კონტაქტები დავამყაროთ და ამ გზით გვსურს წინსვლა. ჩვენ გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს", - აღნიშნა ჯეიმს დევიდ ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენიტის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს დიდი ხნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
„შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელმაც ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა. ჩვენ ოპერაციები რთულ პირობებში ჩავატარეთ და იმ დროს ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით", - თქვა ვენსმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიას ხელი მოეწერა .
ავტორ(ებ)ი :