ფლორიდის სასამართლომ BBC-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა -დონალდ ტრამპის სარჩელის განხილვას 2027 წლის 15 თებერვალს დაიწყებს 13.02.2026 16:39

„ბიბისის" წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სარჩელის განხილვას ფლორიდის სასამართლო 2027 წლის 15 თებერვალს დაიწყებს. ამის შესახებ „გარდიანი" წერს.

სასამართლო პროცესის თარიღი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ფლორიდის შტატის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა „ბიბისის" შუამდგომლობა, გადადებულიყო ტრამპთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმზე შიდა მიმოწერა.

ამასთან, როგორც „ბიბისიში" აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, 2026 წლის 17 მარტამდე სასამართლოს პროცესის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.

გამოცემის ცნობით, სასამართლო პროცესი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მაიამიში გაიმართება.

ამასთან, როგორც „გარდიანი" წერს, სასამართლო პროცესის თარიღის ჩანიშვნის შემდეგ „ბიბისიში" განაცხადეს, რომ გეგმავენ ხარჯების 600 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე შემცირებას, რაც, თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შემცირებას და ზოგიერთი გადაცემების შეწყვეტას გამოიწვევს. „ბიბისის" გენერალური დირექტორის თქმით, ტელევიზიას მომდევნო წლებში მაინც მოუწევდა ხარჯების შემცირება, თუმცა ახლა ბევრად უფრო „აგრესიული ქმედებები" განხორციელება იქნება საჭირო.

ცნობისთვის, საქმე ეხება „ბიბისის" დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით, ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე". დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ „ბიბისიმ" ბოდიში მოუხადა დონალდ ტრამპს რედაქტირების გამო, მაგრამ უარი თქვა კომპენსაციის გადახდაზე. „ბიბისის" გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა კი თანამდებობები დატოვეს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა „ბიბისის" წინააღმდეგ სარჩელი დეკემბერში შეიტანა და კომპენსაციის სახით ათი მილიარდი დოლარი მოითხოვა. სარჩელის თანახმად, ტრამპმა „ბიბისი" ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ