19.02.2026 14:49
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დაკავებულია. ამის შესახებ „ბიბისი" ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, მეფე ჩარლზის ძმა საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ მამაკაცი ნორფოლკიდან, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამო. ჩხრეკა მიმდინარეობს ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. მამაკაცი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. ეროვნული რეკომენდაციების თანახმად, დაკავებული მამაკაცის ვინაობას არ დავასახელებთ. გთხოვთ, ასევე გახსოვდეთ, რომ ეს საქმე ამჟამად აქტიურია, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ნებისმიერი პუბლიკაციის მიმართ, რათა სასამართლოს უპატივცემულობა თავიდან აიცილოთ", - ნათქვამია ტემზის ველის პოლიციის განცხადებაში. პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული პირი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორია.
„ჩვენ გვესმის ამ საქმეში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამის დროს მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას", - აცხადებენ პოლიციაში.
ცნობისთვის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობის გამო წლების განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო. ეპშტეინთან ურთიერთობა მას სამეფო ოჯახში თავისი როლისა და ტიტულის, ასევე სახლის დაკარგვის ფასად დაუჯდა, თუმცა ენდრიუ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ყოველთვის უარყოფდა. რაც შეეხება ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბოლო ფაილებს, ამის თაობაზე მას კომენტარი არ გაუკეთებია.
9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა 2010 წელს ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტები ჯეფრი ეპშტეინს გაუზიარა.
როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფაილების ბოლო პარტია მოიცავს ელექტრონულ წერილებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ენდრიუმ ეპშტეინს გადაუგზავნა ანგარიშები ვიეტნამის, სინგაპურისა და სხვა ადგილების შესახებ. საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც ყოფილ პრინცს საზღვარგარეთ მისი ოფიციალური ვიზიტების დროს მიაწოდეს. კონფიდენციალურობის წესების თანახმად, ასეთ შემთხვევებში მესამე პირებთან კონფიდენციალური ან კომერციული დოკუმენტების გაზიარება აკრძალულია.
ავტორ(ებ)ი :