03.03.2026 16:29
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მოამზადა ირანელი ოპოზიციონერი ფიგურების სია, რომელთა მიწვევაც იგეგმება უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრაზე.
„ევრაქტივის" ცნობით, სიაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, მოხვდა ირანის ბოლო შაჰის ემიგრაციაში მყოფ შვილი რეზა ფაჰლევი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ფაჰლევიმ დაამყარა კავშირები აშშ-ის ადმინისტრაციასთან და, როგორც ჩანს, გარკვეული მხარდაჭერაც აქვს ირანში, სადაც აქციებზე პროტესტის მონაწილეები მის სახელს სკანდირებდნენ".
პუბლიკაციის მიხედვით, სიის შედგენაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფისი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მუშაობდა.
„ევრაქტივის" მიხედვით, არ არის გასაკვირი, რომ ფაჰლევი ამ სიის სათავეში იყოს.
„მან საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც მოლების რეჟიმის სეკულარული, დემოკრატიული ალტერნატივა და წელს ევროპაში გამართულ მასობრივ აქციებზე ირანული დიასპორის ნაწილში ერთ-ერთ ფავორიტ ფიგურად იქცა", - ნათქვამია სტატიაში.
ფინელი ევროპარლამენტარის, სებასტიან ტინკინენის განცხადებით, ფაჰლევი ირანელ ხალხს არჩევანის უფლებას მისცემს.
„ის ირანელ ხალხს მისცემს არჩევანის უფლებას, გადაწყვიტონ, როგორი ფორმის უნდა იყოს ირანის ახალი სახელმწიფო", - განაცხადა სებასტიან ტინკინენმა, რომელიც, „ევრაქტივის" ცნობით, ფაჰლევის ევროპარლამენტში მიწვევას აქტიურად ლობირებდა.
„საერთაშორისო ხილვადობა და აღიარება არის ის, რაც რეზა ფაჰლევის სჭირდება", - აღნიშნა ევროდეპუტატმა.
ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ, ევროპარლამენტის აქტიური ლობირების მიუხედავად, მიწვეულთა სიაში არ მოხვდა ირანის ეროვნული წინააღმდეგობის საბჭო (NCRI), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „მუჯაჰედინე ხალკი" და თავდაპირველად ისლამურ-მარქსისტულ ორგანიზაციას წარმოადგენდა.
სტატიის მიხედვით, ამ ჯგუფმა არაერთხელ მოახერხა ევროკავშირის გავლენიანი პოლიტიკოსების, მათ შორის ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გაი ვერჰოფსტადის თავის ღონისძიებებზე მიყვანა. როგორც „ევრაქტივი" წერს, აშშ-ში მათ ღიად უჭერენ მხარს ტრამპის ყოფილი მოკავშირეები მაიკ პომპეო და მაიკ პენსი, რომლებიც გასულ წელს ბრიუსელში NCRI-ს მიტინგზე ჩავიდნენ.
„ევრაქტივის" ცნობით, ბრიუსელში ამ ჯგუფის მიწვევას ლობირებდნენ ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი და მილან ზვერი.
„ევრაქტივი" ასევე წერს, რომ ევროპარლამენტში მიწვეულთა სიაში სხვა ფიგურებს შორის არიან ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი და ირანის ქურთისტანის პარტია „კომალა", კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად მარქსისტული იყო.
გერმანელი „მწვანეების" წარმომადგენელმა, ჰანა ნოიმანმა გამოცემას განუცხადა, რომ „ირანში წარმატებული ტრანზიციისთვის საჭიროა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა".
„ეს არის დიასპორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დაბალანსებული წარმომადგენლობა", - განაცხადა ჰანა ნოიმანმა.
ავტორ(ებ)ი :