09.03.2026 23:25
აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული" პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს" მომხდართან დაკავშირებით, რომელმაც, სულ მცირე, 170 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ უახლესი ცნობებით, რომლებიც ეხება 28 თებერვალს, ქალაქ მინაბთან ახლოს, დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას, რამაც, სულ მცირე, 175 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა უმეტესობაც სკოლის მოსწავლე იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „დამოუკიდებელი ანალიზი სარწმუნოდ მიუთითებს იმაზე, რომ დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული".
„თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ეს იქნება სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო მოქმედებების ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სკოლის მოსწავლეების მკვლელობა შემზარავია და ნებისმიერ ვითარებაში მიუღებელია. ეს ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდივან ჰეგსეტის ძალის გამოყენებისადმი ღიად ზერელე და უდიერი მიდგომის ფონზე, მათ შორის მისი განცხადების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დარტყმები ირანში არ იქნება შეზღუდული, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „სამხედრო მოქმედებების სულელური წესებით". ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ექვემდებარებიან მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს უმაღლესი პროფესიონალიზმის ხელშეწყობას, ამიტომ ეს ინციდენტი და ნებისმიერი სხვა მსგავსი შემთხვევა სრულყოფილად და მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი. მდივანმა ჰეგსეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ამ დარტყმის შესახებ დაწყებული გამოძიება იყოს საფუძვლიანი; მათ შორის უნდა დადგინდეს, ხომ არ შეუწყო ხელი კატასტროფას რომელიმე პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ. მან ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს ამერიკულ საზოგადოებასა და კონგრესს იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა „დემოკრატმა" სენატორებმა: ჯინ შაჰინი, ბრაიან შაცი, პეტი მარი, ჯეკ რიდი, მარკ უორნერი და კრის კუნსი.
ავტორ(ებ)ი :