11.03.2026 16:11
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას ირანის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს.
ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.
რუსული მხარის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა დაადასტურეს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განვითარებისადმი ერთგულება.
„ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლისას ლიდერებმა მხარდაჭერა გამოთქვეს საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულებისა და არსებული მწვავე კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ირანიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის ორგანიზებაში გაწეული ეფექტური დახმარებისთვის და რუსეთიდან ირანელი ხალხისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშეწყობისთვის.
ავტორ(ებ)ი :