ჰააგის სასამართლოში(ICC) ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 13.03.2026 17:02

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორები იძიებენ, ჩაიდინა თუ არა ბელარუსის მთავრობამ დანაშაული, რამაც მისი ოპონენტების დეპორტაცია გამოიწვია. ამის შესახებ სასამართლოს პროკურორების განცხადებაშია ნათქვამი.

 

„როიტერის" ინფორმაციით, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე ლიეტუვამ აღძრა, რადგან ბელარუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის.

 

ლიეტუვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურისგან მოითხოვს, გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ბელარუსში.

 

პროკურორების თქმით, ბელარუსის ხელისუფლებამ სავარაუდო დანაშაულების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინა, რაც მათ გამოძიების ჩატარების იურისდიქციას ანიჭებს.

 

„არსებობს გონივრული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ეს დანაშაულები ჩადენილია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, მათი მასშტაბის, მსხვერპლთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით", - ნათქვამია ICC-ის განცხადებაში.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოვსკაია.

 

„ასობით ათასი ბელარუსი იტანჯებოდა და იტანჯება რეჟიმის ქმედებების გამო. ლუკაშენკოს პოლიტიკა ასევე საფრთხეს უქმნის ბელარუსის მეზობლებს. ეს გადაწყვეტილება იმედს აღადგენს, რომ სამართალი გაიმარჯვებს, დამნაშავეები პასუხს აგებენ, მსხვერპლები საბოლოოდ მიაღწევენ სიმართლეს და სამართლიანობას", - განაცხადა მან.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ