13.03.2026 18:33
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღების საკითხი აღარ აინტერესებს.
„ვაშინგტონ ექსამინერთან" ინტერვიუში ტრამპს ჰკითხეს, გააუმჯობესებდა თუ არა ნობელის პრემიის მოგების შანსებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანში მიმდინარე აშშ-ისა და ისრაელის ომი, რაზეც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს.
„არ ვიცი. არ მაინტერესებს", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპმა გამოცემასთან ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ უცხოელ ლიდერებთან ნობელის პრემიაზე არ საუბრობდა.
„არა, მე ნობელის პრემიაზე არ ვსაუბრობ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაში აღინიშნა, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი, მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნობელის პრემია მას ეკუთვნოდა, რადგან მსოფლიოში მიმდინარე 10-მდე კონფლიქტი დაამთავრა. 2026 წლის 16 იანვარს მარია კორინა მაჩადომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა.
ავტორ(ებ)ი :