ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი 17.03.2026 17:12

ძალების გაერთიანებით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ნიუ იორკ პოსტთან" ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის" ტიპის ათასობით რაკეტას ათიათასობით ირანული „შაჰედის" შეჩერება არ შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ერთი ასეთი დრონი ორმოცჯერ იაფია, ვიდრე „პეტრიოტის" ერთი რაკეტა, რაც, მისივე თქმით, წარმოების დროისა და ღირებულების თვალსაზრისით, დრონებთან კონკურენციას შეუძლებელს ხდის.

„უკრაინას აქვს მთელი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გარდა. შეერთებულ შტატებს შესანიშნავი ანტიბალისტიკური სისტემები აქვს. ამ ორი ძლიერი მხარის გაერთიანებით ჩვენ შეგვიძლია ცის დახურვა ნებისმიერი სახელმწიფოს თავზე, რომელიც მასიებულრი თავდასხმის წინაშეა და არა მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, დრონებს მოქმედების რადიუსის შეზღუდვა არ ექნებათ. მისი თქმით, „დღეს ისინი 100 კილომეტრზე დაფრინავენ, ხვალ 1 000 იქნება, ზეგ კი - 10 000".

„ამიტომ აუცილებელია თავდაცვის თანამედროვე სისტემის შექმნა. დღეს უკრაინა ამ ტექნოლოგიებში პირველ ადგილზეა და შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური და ძლიერი არმია ჰყავს. გაცვლაზე თუ ვსაუბრობთ - უსაფრთხოების, უსაფრთხოების გარანტიებისა და გამოცდილების რეალურ გაცვლაზე - ჩვენ ამისთვის ღია ვართ. შეერთებული შტატები ომის დაწყებიდან გვეხმარებოდა, ევროპამაც დაგვიჭირა მხარი და ჩვენ შევძელით ჩვენი პოზიციების შენარჩუნება. სწორედ ჩვენი პოზიციების შენარჩუნების წყალობით შევძელით განვითარება. ეს რეალური პარტნიორობის წინადადებაა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ