17.03.2026 17:39
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს კუბის პრეზიდენტის, მიგელ დიას-კანელის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ კუბას მიანიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა შემდგომ ნაბიჯები თავად კუბელების გადასაწყვეტია.
ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების აზრით, დიას-კანელის გადაყენება კუბაში სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხელს, რასაც, ვაშინგტონის შეფასებით, კუბის მოქმედი პრეზიდენტი ნაკლებად დაუჭერს მხარს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ვაშინგტონს ასევე სურს, რომ კუბამ ხელისუფლებიდან ჩამოაშოროს ზოგიერთი ასაკოვანი ჩინოვნიკი, რომლებიც კვლავაც ფიდელ კასტროს იდეების ერთგულნი არიან.
როგორც მედია იუწყება, აშშ ჯერჯერობით არ მოითხოვს ზომების მიღებას კასტროს ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც კუბაში კვლავ გავლენიან ფიგურებად რჩებიან.
„ნიუ იორკ თაიმსის" წყაროს განცხადებით, კუბის პრეზიდენტის გადაყენება დონალდ ტრამპისთვის „სიმბოლური გამარჯვება" იქნებოდა, რაც მას მისცემდა შესაძლებლობას ეთქვა, რომ მან ჩამოაგდო მემარცხენე მთავრობის ლიდერი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს წინააღმდეგ გამოდიოდა.
„ამერიკელი ოფიციალური პირების თვალსაზრისით, კუბასთან მოლაპარაკებების მიზანია, ქვეყანამ ეტაპობრივად გახსნას ეკონომიკა ამერიკელი ბიზნესმენებისა და კომპანიებისთვის, რაც დამოკიდებული სახელმწიფოს ფორმირებისთვის საფუძველს შექმნის, ასევე მიღწეული იყოს რამდენიმე სიმბოლური პოლიტიკური გამარჯვება, რომელთა შესახებაც ტრამპი გამოაცხადებდა", - ნათქვამია სტატიაში.
65 წლის მიგელ დიას-კანელი კუბის პრეზიდენტის პოსტს 2018 წლიდან იკავებს.
„ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, დიას-კანელი მემკვიდრედ აირჩია კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, რაულ კასტრომ, რომელიც ახლა 94 წლისაა და კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს ქვეყანაში.
ავტორ(ებ)ი :