21.03.2026 11:33
პოლონეთი ცნობს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო, სადაც განიხილებოდა პოლონელი წყვილის საქმე, რომელთაც სამოქალაქო ქორწინება 2018 წელს გერმანიაში გააფორმეს, მოგვიანებით კი ვარშავაში შეეცადნენ ქორწინების დარეგისტრირებას, თუმცა კონსტიტუციაზე დაყრდნობით, მათ რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.
2025 წლის ნოემბერში, ლუქსემბურგში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი ქორწინების რეგისტრაციაზე უარი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას, არღვევს თავისუფლად გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებას, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას. სასამართლოს დადგენილებით, ოჯახის სტატუსი, რომელიც კანონიერად არის მოპოვებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, აღიარებული უნდა იქნას ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში.
როგორც მედია წერს, პოლონეთის სასამართლომ ვერ აღმოაჩინა საფუძველი იმისთვის, რომ ერთნაირი სქესის ქორწინების რეგისტრაცია წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ფუნდამენტური პრინციპებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობა ქორწინებას კვლავინდებურად განსაზღვრავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს, სასამართლო დადგენილებიდან ირკვევა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება „არ არღვევს ეროვნულ იდენტობას" და არ არღვევს პოლონეთის უფლებამოსილებას, აწარმოოს დამოუკიდებელი საოჯახო სამართლის პოლიტიკა.
მედიის ცნობით, პოლონეთის 40 ათასამდე მოქალაქემ დაარეგისტრირა ერთნაირსქესიანთა ქორწინება საზღვარგარეთ. სასამართლო დადგენილებამ შესაძლოა, მათი უმეტესობა ახლა აღიაროს.
ავტორ(ებ)ი :